ლევოსტარი / levostari / LEVOSTAR
1. რა არის ლევოსტარი და რისთვის გამოიყენება
ლევოსტარი არის ღია მოვარდისფრო-მოსტაფილოსფრო ფერის, ფართო სპექტრის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება, ფტორქინოლონების ჯგუფიდან. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი. გამოიყენება ფილტვების, შუბლისა და ცხვირის ღრუს დამატებითი წიაღების, საშარდე სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.
ლევოსტარი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
• ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
• არაჰოსპიტალური პნევმონია
• ნოზოკომიალური პნევმონია
• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
• საშარდე სისტემის გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით
• კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები
• ციმბირის წყლულის ფილტვის ფორმა (კონტაქტური)
2. რისი ცოდნაა საჭირო ლევოსტარის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ლევოსტარს, თუ
• აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოფლოქსაცინის, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის ან სხვა ფტორქინოლონების მიმართ
• გქონდათ მყესების პრობლემები ადრე გამოყენებული ფტორქინოლონების ფონზე
• ხართ ასაკოვანი პაციენტი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (კორტიზონი ან სხვა მსგავსი) და აღგენიშნებათ მყესების ტკივილი ან ანთება მკურნალობის პროცესში
• გაქვთ მწვავე, გახანგრძლივებული ან სისხლიანი დიარეა ლევოსტარით მკურნალობის ფონზე ან მისშემდეგ
• ხართ ორსული ან მეძუძური დედა
• ხართ ბავშვი ან მოზარდი. არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ლევოსტარის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ გაქვთ
• გულის პრობლემები ან გულის რითმის დარღვევის ოჯახური ანამნეზი
• დიაბეტი და იღებთ ანტიდიაბეტურ საშუალებებს
• ეპილეფსიური გულყრა ან ნევროლოგიური დარღვევები
• ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
• თირკმლის პრობლემები
• მზის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის საჭიროება
აცნობეთ ექიმს, თუ უჩივით ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმეს.
ლევოსტარის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
მიიღეთ ტაბლეტები წყალთან ერთად, დაუღეჭავად. დოზის კორექციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ტაბლეტის გაყოფა. ლევოსტარი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები ადამიანებში. ლევოსტარის მიღება დასაშვებია, თუ ექიმი მას აუცილებლად მიიჩნევს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.
ლაქტაციის პერიოდი
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვილზე პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენების რისკის გამოვლინების გამო ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ლაქტაციის ან ლევოსტარის მიღების შეწყვეტა.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიური გვერდითი ეფექტი, როგორიცაა ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ამიტომ, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევოსტარის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ ლევოსტარის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ არ აღგენიშნებათ განსაკუთრებული მგრძნობელობა, უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე არ არის მოსალოდნელი.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
• რკინის მარილები, თუთიის შემცველი მულტივიტამინები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები და სუკრალფატი მიიღება ლევოსტარის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. სხვა შემთხვევაში მცირდება ლევოსტარის აბსორბცია და შედეგად - ეფექტურობა.
• ქინოლონებისა და თეოფილინის ერთდროული მიღების დროს იზრდება თეოფილინის დონე სისხლში. ამიტომ საჭიროა თეოფილინის დონის მონიტორინგი ლევოსტართან მისი კომბინირების დროს.
• თეოფილინი, ფენბუფენი ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდიან კრუნჩხვების განვითარების რისკს ლევოსტართან ერთად მიღების დროს.
• ვიტ. K ანტაგონისტებთან ერთად ლევოსტარის მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის რისკი. ასეთ პაციენტებში საჭიროა პროთრომბინის დროისა და სისხლდენის სიმპტომების მონიტორინგი.
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ლევოსტართან კომბინაციაში აქვეითებენ ცერებრული გულყრების განვითარების ზღურბლს.
• ლევოსტარი და ანტიდიაბეტური საშუალებები კომბინაციაში ერთდროულად ზრდიან ან აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს (ჰიპერგლიკემია – ჰიპოგლიკემია). ამიტომ აუცილებელია გლუკოზის დონის მონიტორინგი სისხლში ლევოსტარისა და ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნის დროს.
• პრობენეციდი და ციმეტიდინი თრგუნავს თირკმლის ფუნქციას.
• ლევოსტარმა შეიძლება გამოიწვიოს ციკლოსპორინის ეფექტის გახანგრძლივება.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.
3. ლევოსტარის მიღების წესი
მიღების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
• ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას
• ლევოსტარი ინიშნება დღეში ერთხელ
• ექიმი შეგირჩევთ დოზას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი პათოგენის შესაბამისად
• მკურნალობი სხანგრძლივობა მერყეობს დაავადებისშესაბამისად
• ისევე, როგორც ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ლევოსტარის მიღება გრძელდება ტემპერატურული რეაქციის და ბაქტერიული ერადიკაციიდან (დაავადების სიმპტომების გაქრობიდან) 48 - 72 საათის განმავლობაში
მიღების წესი და გზა
• ლევოსტარი მიიღება პერორალურად, წყლის საკმაო რაოდენობასთან ერთად, არ დაღეჭოთ.
• მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე
• მიიღება ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
თუ ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებულია, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:
ლევოსტარის დოზა საჭიროებს კორექციას თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. კუმულაციის თავიდან აცილების მიზნით, დოზას შეარჩევს ექიმი. ლევოსტარის ორგანიზმიდან გამოსადევნად ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი არაეფექტურია.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
არ საჭიროებს დოზის კორექციას.
თუ ლევოსტარის მიღების პერიოდში მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭირო დოზაზე მეტი ლევოსტარის მიღების შემთხვევაში
საჭირო დოზაზე მეტი ლევოსტარის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შედეგად ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან გულყრის შეტევები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულძმარვა და გულისრევა ან გულის პრობლემები.
ლევოსტარის ჰიპერდოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
ლევოსტარის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება.
შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.
ლევოსტარის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
აუცილებელია მკურნალობის კურსის დასრულება ექიმის მითითების შესაბამისად. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას კურსის დასრულებამდე სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლევოსტარის მიმართაც შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარება, მისი შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლევოსტარის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
• ალერგიული რეაქცია
• მყესების ტკივილი და ანთება
• მყესის გახლეჩა
• კუნთებისა და სახსრების ტკივილი
• კუნთოვანი სისუსტე
• შარდის გამოყოფის მოულოდნელი შეწყვეტა
• ცხელება
• სოკოვანი ინფექცია
• მწვავე, გახანგრძლივებული ან სისხლიანი დიარეა
• ჰიპოგლიკემია
• გულის რითმის დარღვევა
• ფსიქოზური რეაქციები, როგორიცაა თვითდაზიანება
ყველა ჩამოთვლილი სერიოზულ გვერდით ეფექტს წარმოადგენს.
რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში თქვენ ალერგიული ხართ ლევოსტარის მიმართ და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა აღნიშნული მოვლენა ძალიან იშვიათად ვითარდება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
• ფსიქოზური რეაქციები, ნევროზულობა, შფოთვა, დაძაბულობა
• დეპრესია
• ჰალუცინაციები
• ეპილეფსიური გულყრა
• ტრემორი
• გონების დაბინდვა
• მხედველობის ან სმენის დარღვევები
• გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევა
• მგრძნობელობის დაქვეითება
• პალპიტაცია
• ჰიპოტენზია
• სუნთქვის გაძნელება
• ანემია
• დიარეა
• მუცლის ტკივილი
• ღებინება
• გამონაყარი კანზე
• ქავილი
ყველა ჩამოთვლილი სერიოზულ გვერდით ეფექტს წარმოადგენს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
ყველა აღნიშნული მოვლენა ძალიან იშვიათად ვითარდება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს:
• თავის ტკივილი
• თავბრუსხვევა
• ტინიტუსი (ხმაური ყურებში)
• უძილობა
• დაბუჟება
• გულისრევა
• გულძმარვა
• კანისსიწითლე
• სისუსტე
ყველა ჩამოთვლილი მსუბუქ გვერდით ეფექტს წარმოადგენს.
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ლევოსტარის შენახვის პირობები
ლევოსტარი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
განსაკუთრებულ იყურადღება მიაქციეთ ვარგისობის ვადას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით
კომენტარის დამატება