Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სიფილისი

სიფილისი

288

სიფილისი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან სექსუალური კავშირის შედეგად ვრცელდება.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ სიფილისი, აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის და მკურნალობისთვის, რადგან მკურნალობის გარეშე ამ დაავადებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

სიფილისის მკურნალობა ძირითადად ანტიბიოტიკების მოკლე კურსით ხდება.

ამ დაავადების მიმართ ადამიანს იმუნიტეტი არ უმუშავდება, ამიტომ სიფილისი შეიძლება მრავალჯერ დაგემართოთ.

სიფილისის სიმპტომები

სიფილისის სიმპტომები ყოველთვის არ არის თვალსაჩინო და ასევე ზოგჯერ შეიძლება გაქრეს კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაავადება გაქრა თავისით და მაინც აუცილებელია მკურნალობა.

ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები საერთდ არ აღენიშნება.

სიფილისის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • მცირე ზომის, უმტკივნეულო წყლულებს ან ჭრილობებს, რომლებიც ძირითადად ვლინდება პენისზე (სასქესო ასოზე), საშოზე, ან ანუსის (უკანა ტანის) გარშემო, მაგრამ ასევე შეიძლება გამოჩნდეს სხვა ადგილებშიც, მაგალითად პირში
  • ამოზნექილი წითელი გამონაყარი, რომელიც ხშირად ვლინდება ხელის ან ფეხის გულებზე
  • მცირე ზომის კანის გამონაზარდები (გენიტალური მეჭეჭების მსგავსი), რომლებიც შეიძლება განვითარდეს საშოზე (ქალებში), ან ანუსის გარშემო (ქალებშიც და მამაკაცებშიც)
  • პირის ღრუში თეთრი ლაქები
  • დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილები, მაღალი ტემპერატურა (სიცხე) და შეშუპებული ჯირკვლები კისერზე, საზარდულში ან იღლიებში.

მკურნალობის გარეშე, წლების განმავლობაში სიფილისი შეიძლება გავრცელდეს ტვინში და ორგანიზმის სხვა ნაწილებში და გამოიწვიოს სერიოზული ქრონიკული პრობლემები.

რა მოვიმოქმედოთ თუ გვაქვს ეჭვი სიფილისზე?

თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება გქონდეს სიფილისი აუცილებლად მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის, რადგან:

  • სიფილისი თავისით არ გაივლის
  • მისი დიაგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ანალიზებით
  • სიფილისის სამკურნალო წამლები მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით გაიცემა
  • მკურნალობა მოახდენს ამ დაავადებების სხვებზე გადაცემის პრევენციას და ასევე მოგვიანებით სხვა სერიოზული პრობლემების პრევენციასაც.

სიფილისის დიაგნოზირება ხდება სისხლის ანალიზით და ნაცხის აღებით.

მკურნალობა

სიფილისის მკურნალობა ძირითადად ხდება ანტიბიოტიკებით, რომლებიც შეიძლება დაინიშნოს:

  • ინექციის სახით, რომელიც კეთდება საჯდომზე - ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება მხოლოდ ერთი დოზა, თუმცა თუ პაციენტს სიფილისი დიდი ხნის განმავლობაში აქვს შეიძლება რეკომენდირებული იყოს სამი დოზის გაკეთება ერთ კვირიანი ინტერვალებით
  • აბების სახით, თუ პაციენტს არ აქვს ნემხის გაკეთების სურვილი - ამ შემთხვევაში მკურნალობა ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ხანი აქვს ეს დაავადება.

მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში აუცილებელია თავის შეკავება სქესობრივი ურთიერთობებისგან.

როგორ ვრცელდება სიფილისი

სიფილისი ძირითადად ვრცელდება დაინფიცირებულ წყლულთან ახლო კონტაქტით.

ეს ძირითადად ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს (მათ შორის ანალური და ორალური სქესობრივი კონტაქტების დროსაც), ან დაინფიცირებულ ადამიანთან სექსუალური სათამაშოების გაზიარებით. ამის გამო სიფილისის რისკის ქვეშ არის ყველა ადამიანი ვინც არის სქესობრივად აქტიური.

სიფილისით დაავადებულმა ორსულმა ქალებმა ეს დაავადება შესაძლებელია თავიანთ ნაყოფსაც გადასცენ.

სიფილისით დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული შპრიცის გამოყენებით (მაგალითად ნარკოტიკების მომხმარებლებში), ან სისხლის გადასხმით/blood transfusions (ეს დიდ ბრიტანეთში ძალიან იშვიათია, რადგან სისხლის ყველა გადასხმას ამოწმებენ სიფილისის არსებობაზე.

სიფილისი არ გადადის ინფიცირებული ადამიანის პირსახოცით, ტანსაცმლით, ჭურჭლით და აბაზანის გამოყენებით.

სიფილისის პრევენცია

სიფილისის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სქესობრივად აქტიური ადამიანებისთვის რისკის შემცირება შესაძლებელია უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის პრაქტიკის დანერგვით, რაც გულისხმობს:

  • სქესობრივ ურთიერთობას მხოლოდ ერთგულ პარტნიორთან, რომელიც გამოკვლეულია და არ არის ინფექციის მატარებელი
  • სქესობრივი ურთიერთობის დროს პრეზერვატივის გამოყენებას
  • სექსუალური სათამაშოების გაზიარებისგან თავის შეკავებას, ან მათ საფუძვლიანად გარეცხვას და პრეზერვატივით დაფარვას ყოველი გამოყენების შემდეგ.

ეს ზომები ასევე შეამცირებს სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების განვითარების რისკებსაც.

სიფილისი ორსულობის დროს

თუ ქალი სიფილისით დაინფიცირდა ორსულობის დროს, ან დაორსულდა მაშინ, როდესაც უკვე ჰქონდა სიფილისი, მკურნალობის დროულად დაწყების გარეშე ეს ბავშვისთვის ძალიან საშიში იქნება.

ორსულობის დროს ამ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ან მკვდრადშობადობა, ან სერიოზული ინფექციის განვითარება ნაყოფში (კონგენიტალური სიფილისი).

ამის გამო ყოველის ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სიფილისზე გამოკვლევა.

კომენტარის დამატება