Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სისხლიანი შარდი

სისხლიანი შარდი

204

შარდში სისხლის აღმოჩენამ შესაძლოა ძალიან შეგაშინოთ და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს გამოსაკვლევად, თუმცა ეს მოვლენა სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიაზე იშვიათად მიუთითებს.

თუ შარდში კაშკაშა წითელი ფერის სისხლს შენიშნავთ, ან თუ შარდმა სისხლის წითელი უჯრედების გამო შეფერილობა შეიცვალა და მოწითალო ან მოყავისფრო გახდა აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ზოგჯერ შარდი შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით სისხლს შეიცავდეს და თვალით მისი დანახვა შეუძლებელი იყოს; ასეთ დროს ამ პრობლემის აღმოჩენა ძირითადად ხდება სხვა მიზეზით შარდის ანალიზის გაკეთების დროს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან მისვლა და ამ პრობლემის დეტალურად გამოკვლევა, რადგან შარდი საერთოდ არ უნდა შეიცავდეს სისხლს.

შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურიას უწოდებენ. თუ შარდში სისხლის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ამას „მაკროსკოპულ“ ან „ხილვად ჰემატურიას“ უწოდებენ, ხოლო თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.

შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმლებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ. ხშირად ამ მოვლენას საშარდე გზების ინფექციები, მაგალითად ცისტიტი (cystitis) იწვევს.

ეს გვერდი სისხლიანი შარდის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს მიმოიხილავს, რათა მკითხველს წარმოდგენა შეექმნას პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუმცა, ეს ინფორმაცია თვითდიაგნოსტიკისთვის არ უნდა გამოიყენოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დიაგნოზის დასასმელად ექიმს მიმართოთ!

ნამდვილად არის თუ არა სისხლი შარდში?

სანამ კითხვას გააგრძელებთ, გაიხსენეთ ცოტა ხნის წინ ჭარხალი ხომ არ მიგირთმევიათ, ამ ბოსტნეულმა შესაძლოა შარდის შეფერვა და უსარგებლო განგაში გამოიწვიოს. გარდა ამისა, სხვა მედიკამენტებმა, მაგალითად ანტიბიოტიკები სახელად ნიტროფურანტოინის (nitrofurantoin) და რიფამპიცინის (rifampicin) მიღებამ შესაძლოა შარდი ყავისფრად ან წითლად შეფეროს. ქალების შემთხვევაში ასევე აუცილებელია, რომ დააკვირდნენ და დარწმუნდნენ, რომ სისხლი ნამდვილად შარდთან ერთად მოდის და არა საშოდან, ან უკანა ტანიდან.

სისხლიანი შარდის გამომწვევი გავრცელებული მიზეზებია:

  • შარდის ბუშტის ინფექციები (როგორიცაა ცისტიტი cystitis) - რომელიც ძირითადად ასევე იწვევს წვის შეგრძნებას მოშარდვისას
  • თირკმლის ინფექცია (kidney infection) - რომელმაც ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა და მუცლის გვერდითა არეში ტკივილი
  • თირკმლის კენჭები - ეს შესაძლოა უმტკივნეულო იყოს, მაგრამ ხანდახან თირკმლიდან გამომავალ ერთ-ერთ მილს ახშობს და მუცლის ძლიერ ტკივილს იწვევს
  • შარდსადენის ანთება (მილი, რომელსაც ორგანიზმიდან შარდი გამოაქვს) - ურეთრიტი (urethritis), ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციითაა გამოწვეული (როგორიცაა მაგალითად ქლამიდია/chlamydia)
  • გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (enlarged prostate gland) - ხანში შესულ მამაკაცებში გავრცელებული მდგომარეობაა, თუმცა ამ პათოლოგიას პროსტატის სიმსივნესთან არაფერი აკავშირებს; გადიდებული პროსტატის ჯირკვალი შარდის ბუშტს აწვება, რაც შარდვის გაძნელებას და გახშირებას იწვევს
  • შარდის ბუშტის სიმსივნე- პროსტატის სიმსივნის მსგავსად მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება და შეიძლება ახასიათებდეს გახშირებული და გაძლიერებული შარდვის სურვილი და ტკივილი შარდვის დროს
  • თირკმლის სიმსივნე (kidney cancer) - ეს ასევე 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს ემართებათ და შეიძლება ახასიათებდეს ნეკნების ქვემოთ მუდმივი ტკივილი და გამონაზარდი მუცელში
  • პროსტატის სიმსივნე (prostate cancer) - ჩვეულებრივ მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ, სიმსივნე ძალიან ნელა პროგრესირებს; სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შარდვის გახშირებულ და გაძლიერებულ მოთხოვნილებას და შარდის ბუშტის დაცლის გაძნელებას.

ოჯახის ექიმთან მიმართვა

ოჯახის ექიმთან ამ პრობლემით მიმართვის შემთხვევაში, ოჯახის ექიმმმა უნდა ჩაატაროს ფიზიკური გამოკვლევა, რომ შეძლებისდაგვარად გამოავლინოს მიზეზი. მამაკაცების შემთხვევაში გამოკვლევა შეიძლება მოიცავდეს რექტალურ გამოკვლევას (უკანა ტანიდან), ქალების შემთხვევაში კი ვაგინალურ (საშოდან ) გამოკვლევას.

ექიმმა ასევე უნდა დანიშნოს სისხლის და/ან შარდის ანალიზები, რომ გამოიკვლიოს ინფექციის არსებობა. თუ ექიმი ფიქრობს, რომ პრობლემა დიდი ალბათობით შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციის არსებობით, ის შეიძლება არ დაელოდოს ანალიზების პასუხებს და დანიშნოს ანტიბიოტიკები. თუ მოგვიანებით ანალიზის პასუხებში არ აღმოჩნდება ინფექციის არსებობა, მაშინ პაციენტი უნდა გადაამისამართოს სპეციალისტთან.

ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის ექიმმა შეიძლება ურჩიოს პაციენტს დააკვირდეს მის სიმპტომებს, ხომ არ გაუმჯობესდება თავისით დროთა განმავლობაში.

საჭიროა თუ არა სპეციალისტთან ვიზიტი?

ოჯახის ექიმი სპეციალისტთან, ხშირად უროლოგთან, ან ნეფროლოგთან, სასწრაფოდ გაგაგზავნით, თუ:

  • თუ შარდი აშკარად შეიცავს სისხლს, ტკივილი არ აღგენიშნებათ და ანალიზების პასუხებით არ დადასტურდა ინფექციების არსებობა
  • თუ 40 ან 40 წელს გადაცილებული ხართ და საშარდე გზების ინფექციები და სისხლიანი შარდვა ხშირად გაწუხებთ
  • თუ 50 ან 50 წელს გადაცილებული ხართ და გამოკვლევისას შარდში აღმოჩნდა სისხლი, რომელიც არ ჩანს ვიზუალურად (შეუიარაღებელი თვალით)
  • თუ მუცლის არეში მასა (სავარაუდოდ სიმსივნური წარმონაქმნი) აღმოგაჩნდათ, რომელიც ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის ან სკანირებით შეამჩნიეს
  • თუ შარდის ანალიზის გამოკვლევით უხილავი ჰემატურია დაგიდგინდათ, განსაკუთრებით თუ შარდი ცილასაც შეიცავს.

ასეთ შემთხვევებში, სიმპტომების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ექიმი პაციენტს მიმართავს უროლოგთან, ან ნეფროლოგთან, ან ჰემატურიის სპეციალიზირებულ კლინიკაში.

დამატებითი გამოკვლევები შეიძლება მოიცავდეს სისხლისა და შარდის დამატებით ანალიზებს, ულტრაბგერით გამოკვლევას, რენტგენის სხივებით გამოკვლევას და ცისტოსკოპიას (ეს პროცედურა გამოიყენება შარდის ბუშტის შიგნიდან შესასწავლად/გამოსაკვლევად და ამ დროს გამოიყენება მოწყობილობა, რომელსაც ცისტოსკოპი ეწოდება).

კომენტარის დამატება