ამპიოქსი / ambioqsi / Ampiox
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანციები:
ამპიცილინის ტრიჰიდრატი _ 0,125გ;
ოქსაცილინ ნატრიუმი _ 0,125გ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, აეროსილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი აერთიანებს ამპიცილინის და ოქსაცილინის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს. აქტიურია გრამდადებითი (სტრეპტოკოკები _ Streptococcus pneumoniae, სტაფილოკოკები _ Staphylococcus spp, პნევმოკოკები) და გრამუარყოფითი (ინფლუენცას ჩხირები _ influenzae, მენინგოკოკი - Neisseria meningitidis, ნაწლავის ჩხირი _ Escherichia coli, გონოკოკი, სალმონელებისა და შიგელების მრავალი სახეობა) მიკროორგანიზმების მიმართ. ოქსაცილინის შემცველობის გამო აქტიურია პენიცილინაზაწარმომქმნელი სტაფილოკოკებისადმი.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (40-60%), ბიოშეღწევადობა მატულობს პრეპარატის უზმოზე მიღების დროს, ჩმახ მიიღწევა 1,5-2 საათის შემდეგ, თერაპიული კონცენტრაციის შენარჩუნება ხდება 4-6 საათის განმავლობაში, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, არ ახასიათებს კუმულაცია.
ჩვენებები
• სასუნთქი სისტემის ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი);
• ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა);
• სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი);
• შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი);
• მძიმე ფორმით მიმდინარე დაავადებები (სეფსისი, ენდოკარდიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები);
• შერეული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინისადმი მდგრადი და არამდგრადი სტაფილოკოკებით და გრამუარყოფითი ბაქტერიებით;
• ინფიცირებული ჭრილობები;
• ქირურგიული ჩარევის შემდგომ ჭრილობების ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
გონორეის მკურნალობისას ამპიოქსს იყენებენ მაშინ, როცა დაავადებების გამომწვევი გონოკოკის შტამები რეზისტენტულია ბენზილპენიცილინისადმი.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ: ერთჯერადი დოზაა 0,5 _ 1გ (2-4 კაფსულა), სადღეღამისო დოზაა 2 _ 4გ (8-16 კაფსულა).
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: სადღეღამისო დოზაა 100მგ/კგ,
ბავშვები 7-დან 14 წლამდე: სადღეღამისო დოზაა 50მგ/კგ.
სადღეღამისო დოზა ნაწილდება 4-6 მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-7 დღიდან 2-3 კვირამდე დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება დესენსიბილიზაციურ საშუალებებთან ერთად.
უკუჩვენება
ალერგიული რეაქციები პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებზე, რძის შაქარზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ამპიოქსი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ამპიოქსი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, ალერგიული რეაქციები. ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე:
არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირების უნარზე და სწრაფ რეაგირებაზე;
ჭარბი დოზირება
დამახასიათებელი ტიპიური სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა. ხანგრძლივი თერაპიაც არ იწვევს სპეციფიკურ ტოქსიკურ გვერდით ეფექტებს. ინტოქსიკაციის სიმპტომები მსგავსია გვერდითი მოვლენების დროს განვითარებული სიმპტომებისა. ყველაზე ხშირად ვლინდება ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, მაგალითად: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება ამპიოქსის კაფსულების მიღება ბაქტერიოსტატული მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად (ტეტრაციკლინი, მაკროლიდი, სულფონამიდი, ქლორამფენიკოლი), რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს ამპიოქსის ეფექტი.
პრობენეციდის შემცველ პრეპარატებთან (პოდაგრის სამკურნალო) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა დაითრგუნოს ამპიოქსის ელიმინაცია, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის გაზრდას სისხლში.
ალოპურინოლის შემცველ პრეპარატებთან (პოდაგრის სამკურნალო) ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარებას.
დეჰიდრატაციული პრეპარატები (დიურეტიკები) წყლის გაზრდილი ექსკრეციის ფონზე იწვევს ამპიოქსის ელიმინაციის გაზრდას, რის გამოც სისხლში მცირდება აქტიური ნივთიერებების რაოდენობა.
ანტიკოაგულანტების (კუმარინი) ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახავენ 15-25oC ტემპერატურულ პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი - გაიცემა რეცეპტით
კომენტარის დამატება