Meds.ge » ყველა წამალი » დიოქსაფლექსი B12 / dioqsafleqsi B12 / Dioxaflex B12

დიოქსაფლექსი B12 / dioqsafleqsi B12 / Dioxaflex B12

277

შემადგენლობა

ყოველი ამპულა შეიცავს:

ბეტამეთაზონი (როგორც ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი) 2 მგ;  დიკლოფენაკის ნატრიუმი 75 მგ; ჰიდროქსოკობალამინი (როგორც ჰიდროქსოკობალამინის სულფატი) 10 მგ.

 

დამხმარე საშუალებები:

ბენზილის სპირტი; პროპილენგლიკოლი; ნატრიუმის ბისულფიტი/მეტაბისულფიტი; საინექციო წყალი ქ.ს.ფ. 3 მლ. 

 

თერაპიული მოქმედება

ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტი-რევმატული პრეპარატი.

 

ჩვენებები

• ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესები, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით. 

• სახსრებისა და ექსტრა-სახსრების რევმატული დაავადებები. 

• ფიბრომიალგია. მიალგია. 

• ზურგის ტკივილი. 

• იშიაზი. 

• ტრავმასთან დაკავშირებული ტკივილი. 

• მყესების დაჭიმვა.

 

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები/თვისებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ამ პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტია დიკლოფენაკი, 2-6-დიქლორანილინო ფენილაცეტატმჟავას ქიმიური სახეწოდება, მისი ნატრიუმის ფორმით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც წარმოიშობა ფენილაცეტის მჟავადან გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედებით. მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ განპირობებულია პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების გამოთავსუფლებით ანთებითი პროცესების დროს. შედეგად, დიკლოფენაკი თრგუნავს დღეისათვის ცნობილ ორივე ციკლოოქსიგენზას იზოფერმენტს (ცოქ1 და ცოქ2). ცნობილია, რომ დიკლოფენაკი თრგუნავს არაქიდონული მჟავას მეტაბოლიტების, მათ შორის ლეიკოტრიენებისა და 5-ჰიდროქსიეიკოსატეტრენოის მჟავას (5-ჰეტე). გარდა ამისა, მას შეუძლია ლეიკოციტების, მათ შორის პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტების მიგრაციის დათრგუნვა ანთების კერისკენ და ADP-სა და კოლაგენ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება. დიკლოფენაკი აფერხებს პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტებიდან იზოსომური ფერმენტების გამოშვებას და თრგუნავს სუპეროქსიდის წარმოებასა და ლეიკოციტების ქემოტაქსისს. მისი ანალგეზური მოქმედება დაკავშირებულია ნოციცეპტურ გზაზე მედიატორების შემცირებასთან, რითაც ხდება პერიფერიული იმპულსების გენერაციის ბლოკირება. გარდა ამისა, ადგილი აქვს ცენტრალურ, არაოპიატურ მოქმედებას ჰიპოთალამუსის დონეზე.

გააჩნია სიცხის დამწევი მოქმედება, რაც ასოცირებულია პროსტაგლანდინის აქტივობის დაქვეითებასთან ჰიპოთალამუსის დონეზე, თერმორეგულაციის ცენტრში, რითაც ხდება სიცხის შემცირება.

ბეტამეტაზონი არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფიზიოლოგიური გლუკოკორტიკოიდები (კორტიზონი და ჰიდროკორტიზონი) მნიშვნელოვანი მეტაბოლური ჰორმონებია; სინთეზური კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა ბეტამეტაზონი, უპირატესად გამოიყენება მათი მაღალი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისათვის. მაღალი დოზებით აქვეითებენ იმუნურ რეაქციებს. მათი მეტაბოლური მოქმედება და ნატრიუმის შეკავება იმაზე მცირეა, ვიდრე ჰიდროკორტიზონის.

ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12) მოქმედებს როგორც კოფერმენტი ზოგიერთი მეტაბოლური ფუნქციის დროს, მათ შორის ცხიმისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და ცილების სინთეზის დროს. 

აუცილებელია ზრდისთვის, უჯრედების გამრავლებისთვის, ჰემატოპოეზისთვის და ნუკლეოპროტეინებისა და მიელინის სინთეზისათვის, ძირითადად მეთიონინის, ფოლიუმის მჟავასა და მალონის მჟავას მეტაბოლიზმზე ეფექტების გამო.

მომატებული დოზების (ფარმაკოლოგიური) კლინიკური ცდებისას გამოვლინდა მკაფიო ანტინევრიტული მოქმედება.

 

ფარმაკოკინეტიკა

დიკლოფენაკის უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა კუნთებში შეყვანიდან დაახლოებით 20 წუთში. კუნთებში შეყვანის შემდეგ პლაზმა-დროის კონცენტრაციის მრუდქვეშ ფართობი ორჯერ მეტია, ვიდრე პერორალური გზით იდენტური დოზის მიღებისას. დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 99%-ზე მეტია, ხოლო მისი განაწილების მოულობა – 0.12-0.17 ლ/კგ.

უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციების მიღწევიდან ორ საათში კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში, რაც გრძელდება მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. სინოვიალური სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. პლაზმიდან დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი არის 263+56 მლ/წთ. ნახევარგამოყოფის პერიოდია 1-2 საათი. 

დიკლოფენაკი მეტაბოლიზდება ღვიძლით და გამოიდევნება ბილიარული და თირკმლისმიერი გზებით, უპირატესად გლუკორონატების ან სულფატების ფორმით. დიკლოფენაკის მხოლოდ 1% მეტაბოლიზდება შარდში თავისუფალი დიკლოფენაკის სახით; კონიუგატები შეადგენენ შარდში აღდგენილი დოზის 5-10%-ს. დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიდევნება ნაღველით. ადამიანებში ძირითადი მეტაბოლიტია 4-ჰიდროქსიდიკლოფენაკი და შეადგენს მთლიანი ექსკრეტირებული დოზის დაახლოებით 40%-ს. დიკლოფენაკის დანარჩენი სამი მეტაბოლიტი (3-ჰიდროქსი, 5-ჰიდროქსი, 4,5-დიჰიდროქსი-დიკლოფენაკი) შეადგენს შარდში გამოყოფილი დოზის დაახლოებით 10-20 %-ს.    

დიკლოფენაკისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია სწრაფად მიმდინარეობს: მიღებული დოზის დაახლოებით 40% გამოიდევნება მიღებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში. 

დილოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მუდმივია განმეორებითი მიღებისას ჯანმრთელ პაციენტებში, ხოლო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება მოხდეს პრეპარატის და/ან მისი მეტაბოლიტების მომატება (რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს). ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების მქონე პაციენტებში (ქრონიკული ჰეპატიტის, ციროზი პორტალური დეკომპენსაციის გარეშე) პრეპარატის კინეტიკა და მეტაბოლიზაცია ისეთივეა, როგორც ჯანმრთელ პაციენტებში. 

კუნთებში ინექცირებისას ჰიდროქსოკობალამინი სრულად აბსორბირდება და უმაღლეს პლაზმურ დონეებს აღწევს მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრისას ჰიდროქსოკობალამინი ეკვრის სპეციფიკურ გადამყვან ცილებს, ტრანსკობალამინებს. განსაზღვრულია სამი ტრანსკობალამინი (ტრანსკობალამინები I, II და III). ტრანსკობალამინთან შეკავშირებული ჰიდროქსოკობალამინი სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან და პრეფერენციულად ნაწილდება ღვიძლის პარენქიმულ უჯრედებში. მოზრდილებში ჰიდროქსოკობალამინის 90%-მდე ინახება ღვიძლში.

ჰიდროქსოკობალამინის ექსკრეციის ძირითადი გზაა ნაღველი. ჰიდროქსოკობალამინის ორი მესამედი გამოიდევნება ნაღველით და მოგვიანებით რეაბსორბირდება თეძოს ნაწლავის ლორწოვან გარსში, გადის რა ენტეროჰეპატურ გადამუშავებას. დანარჩენი გამოიდევნება განავალში, თუმცა ჰიდროქსოკობალამინის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მომნელებელი ტრაქტის ეპითელიური უჯრედების დესკვამაციისგან და მსხვილ ნაწლავში ბაქტერიებით გამოწვეული სინთეზისგან.

ნორმალურ პირობებში ჰიდროქსოკობალამინის ექსკრეცია შარდში არასაკმარისია. რამდენადაც მიღებული დოზები თანდათან მცირდება, იმდენად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლომერულარული ფილტრაცია. 

ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის კუნთებში შეყვანის შემდეგ უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 60 წუთში.

რეკომენდებული დოზების თერაპიულ ფარგლებში ხდება მისი შეკავშირება პლაზმურ ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან 60-70%-ით.

ბეტამეთაზონის განაწილების მოცულობა არის 1.4+0.3 ლ/კგ.

ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის პერორალური ან პარენტერალური მიღებისას პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდია >5 საათი, ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი 36-54 საათი, ხოლო თირკმლისმიერი კლირენსი 2.9+0.9 მლ/წთ/კგ.

ინექცირებისას ბეტამეთაზონის ეთერები ჰიდროლიზდება ქსოვილების დონეზე. ბეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად და ძირითადად გამოიდევნება ნაღველით, კონიუგირდება გლუკორონის მჟავათი.

სპეციალური კლინიკური სიტუაციები

ღვიძლის მძიმე დაავადებასთან და ჰიპოთიროიდიზმთან დაკავშირებით, გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად ყოვნდება, რამაც შეიძლება გააძლიეროს ბეტამეთაზონის ფარმაკოლოგიური მოქმედება. გარდა ამისა, ჰიპოალბუმინემიამ და ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროტეინ შეკავშირებული აქტიური ინგრედიენტის შრატისმიერი კონცენტრაციების არასასურველი მომატება. 

გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი ყოვნდება ორსულობის დროს; პლაზმური კლირენსი უფრო ნელია ახალშობილებში, ვიდრე ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებსა და მოზრდილებში.

 

დოზირება და მიღების წესი

დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. საშუალო რეკომენდებული დოზებია:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:

1-2 ფლაკონი დღეში, კუნთებში.

 

მიღების წესი

ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:

• ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;

• შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;

• შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად.

• ინექცია შეიყვანეთ ნელა.

• ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.

 

უკუჩვენებები

ანამნეზში ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიური წყლული. ღვიძლის მძიმე დაავადება და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. მძიმე ჰიპერტენზია. ასთმის მქონე პაციენტები ანამნეზში ასთმის მწვავე შეტევებით, რინიტი ან გამონაყარი გამოწვეული აცეტილსალიცილმჟავათი ან პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატებით. აქტიური ტუბერკულოზი, სისტემური მიკოზი.

ვირუსული დაავადებები. აქტიური გლომერულონეფრიტი. მწვავე ფსიქოზი. ოსტეოპოროზი, ღვიძლის პურპურა. ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

გაფრთხილებები

კორტიკოსტეროიდების მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციების განვითარებას, წყლისა და ნატრიუმის შეკავებას და გასტროდუოდენალური და მჟავა პეპტიკური დარღვევების გამწვავებას.

 

გასტროინტესტინური ეფექტები ასოცირებული არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და/ან კორტიკოსტეროიდებთან:

რეკომენდებულია იმ პაციენტების მკაცრი სამედიცინო დაკვირვება, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიკური წყლულები და კუჭ-ნაწლავური სისხლდენა. სასურველია სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან ქრონიკულ მკურნალობას დიკლოფენაკით პეპტიური წყლულის დაავადების და საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლდენისა და პერფორაციების შესაძლებლობის გამო, მაშინაც კი, როდესაც ადრე არ გამოვლენილა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დამახასიათებელი სიმპტომები. ხანდაზმულები და სუსტი პაციენტები ნაკლებად ამტანი არიან წყლულებისა და ჰემორაგიების მიმართ, ვიდრე სხვა პირები და ძალიან მძიმე არასასურველი კუჭ-ნაწლავური მოვლენები ვითარდება სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში.

 

ღვიძლისმიერი ეფექტები:

შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები ღვიძლის ერთ ან მეტ ანალიზში. ამგვარი ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირდეს, დარჩეს უცვლელი ან ჰქონდეს დროებითი ხასიათი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის საკონტროლოდ რეკომენდებულია შრატში გლუტამიურ პირუვიული ტრანსამინაზების დონეების ტესტირება. ტრანსამინაზების მომატება უფრო ხშირად აღინიშნება ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში, ვიდრე რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში. კლინიკური ცდებისას ფარმაკოზედამხედველობის ორგანოებისათვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ფერმენტების მომატების გარდა, იშვიათად აღინიშნა უფრო მძიმე ღვიძლისმიერი რეაქციები, მათ შორის ჰეპატოცელულარული კომპრომისი სიყვითლით ან მის გარეშე. კლინიკური გამოცდილების მიხედვით, ტრანსამინაზების შემოწმება უნდა მოხდეს დიკლოფენაკით მკურნალობის დაწყებიდან მეოთხე და მერვე კვირებს შორის პერიოდში. როგორც ყველა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შემთხვევაში, თუ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები კვლავ სახეზეა ან აღინიშნება მათი გაუარესება ან თუ ვითარდება ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნები და/ან სიმპტომები (მაგ. გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, ქავილი, სიყვითლე, გამონაყარი, ეოზინოფილია), სიფრთხილის მიზნით, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

 

ანაფილაქსიური რეაქციები:

როგორც ყველა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შემთხვევაში, ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის კომპონენტების ექსპოზიციამდე. რეკომენდებული არ არის ამ პრეპარატის იმ პაციენტებში გამოყენება, რომლებიც ალერგიულნი არიან ასპირინზე ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე. ტიპური ალერგია ვითარდება ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი, ნაზალური პოლიპებით ან მის გარეშე ან რომლებსაც აქვთ ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებში აღინიშნა ძალიან მძიმე რეაქციები.

თირკმლის პროგრესირებული დაავადება:

თირკმლის პროგრესირებული დაავადების დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ თირკმლის ფუნქციის მკაცრი შემოწმებით.

 

ორსულობა:

განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის რისკის გამო. 

 

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

დიოქსაფლექსი B12 არ გამოიყენება სხვა ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ იმავე აქტიურ ინგრედიენტს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. 

პრეპარატის მიღებამდე მიღებული უნდა იყოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ პაციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

წყლისა და ნატრიუმის შეკავება და შეშუპებები:

წყლისა და ნატრიუმის შეკავების სხვადასხვა დონეები და შეშუპების არსებობაც კი აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას; ამდენად, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულის დეკომპენსაცია, ჰიპერტენზია ან სხვა პათოლოგიები, რაც მათ წინასწარგანაწყობს წყლისა და ნატრიუმის შეკავებაზე.

 

თირკმლისმიერი ეფექტები:

პაციენტები, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თირკმლის ფუნქციის ცვლილებები იმყოფებიან არასასურველი მოვლენების მაღალი რისკის ქვეშ, ასევე ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, მკურნალობენ დიურეტიკებით და ზოგადად, ხანდაზმულები. 

დიკლოფენაკით მკურნალობისას იშვიათად აღინიშნა ინტერსტიციალური ნეფრიტისა და თირკმლის პაპილარული ნეკროზის ცალკეული შემთხვევები.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ასოცირებული თირკმლის კომპრომისის მეორადი ფორმა აღინიშნა შემდეგი ცვლილებების მქონე პაციენტებში: თირკმლისმირი პლაზმური ნაკადის ან სისხლის მოცულობის შემცირება, სადაც თირკმლის პროსტაგლანდინები დამხმარე როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება იწვევს პროსტაგლანდინის სინთეზის დაქვეითებას, დოზის მიხედვით და ამის მეორადად, თირკმლის პლაზმური ნაკადის შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

პოსტ მარკეტინგის ფაზაში დიკლოფენაკის მიღებისას პაციენტებში აღინიშნა მნიშვნელოვანი თირკმლის უკმარისობის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ არა უმეტეს 4000 პაციენტში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო კლინიკურ ცდებში, რომლის დროსაც მკაცრად კონტროლდებოდა შრატისმიერი კრეატინინის დონეები.

დიკლოფენაკის მიღებისას მხოლოდ 11 პაციენტი (0.3%) იყო რეგისტრირებული, რომლებშიც შრატისმიერი კრეატინინი და შარდოვანა იყო 2 მგ/დლ და 40 მგ/დლ-ზე მეტი, შესაბამისად. ვინაიდან, დიკლოფენაკის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიდევნება შარდით, სასურველია დოზის მკაცრად კონტროლი და საბოლოოდ პაციენტის მკურნალობაზე მორგება, განსაკუთრებით, თუ აღინიშნება თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი ცვლილება.

პორფირია:

დიკლოფენაკის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, ვინაიდან, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაშიც, არსებობს ღვიძლის პორფირიის კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობა, სავარაუდოდ პორფირინის პრეკურსორის სინთეტაზას, დელტა ამინოლევულინის მჟავას ინდუქციის გამო.

ასეპტიური მენინგიტი:

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, დიკლოფენაკით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში აღინიშნა ასეპტიკური მენინგიტი ცხელებითა და კომით. ამგვარ მდგომარეობის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილების სხვა დაავადების მქონე პაციენტებში. თუ დიკლოფენაკით მკურნალობისას პაციენტს განუვითარდა მენინგიტის ნიშნები ან სიმპტომები, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი შესაძლო კავშირი ამ პრეპარატთან. 

 

მანამდე არსებული ასთმა:

ასთმის მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-ში შეიძლება აღინიშნოს ასთმური კრიზისი გამოწვეული ასპირინით (ასპირინ-სენსიტიური ასთმა). ასპირინის გამოყენება ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტებში ასოცირებულია ბრონქოსპაზმის ეპიზოდებთან, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება მძიმე ხასიათის იყოს. ვინაიდან ასპირინ-სენსიტიურ პაციენტებში აღინიშნება ჯვარედინი რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ბრონქოსპაზმი, დიკლოფენაკი არ გამოიყენება ასპირინისადმი სენსიტივობის მქონე პაციენტებში. დიკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ყველა იმ პაციენტში, რომლებსაც მანამდე ასთმა ჰქონდათ.

 

სიფრთხილის სხვა ზომები

დიკლოფენაკის ფარმაკოლოგიურმა მოქმედებამ შეიძლება შეამციროს როგორც ცხელება, ისე ანთება და ამგვარად, მათი სარგებლიანობა, როგორც დადგენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკური ნიშნების. 

აღინიშნა მხედველობის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, სკოტომა და/ან ფერების აღქმის დარღვევა. თუ პაციენტს დიკლოფენაკის მიღებისას განუვითარდა აღნიშნული ცვლილებები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოფთალმოლოგიური ტესტები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით, რეკომენდებულია პერიოდულად ჰემოატოლოგიური პარამეტრების შეფასება, რათა სწრაფად დადგინდეს ანემიის ან ამ პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებული სხვა ცვლილებების განვითარება. 

კორტიკოიდები სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ: წყლულოვანი კოლიტი (პერფორაციის რისკი), ცოტა ხნის წინ გადატანილი ნაწლავური ანასტომოზი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, მიასთენია გრავისი, დიაბეტი.

ზოგიერთ პაციენტში – განსაკუთრებით ხანდაზმულებში – შეიძლება გამოწვიოს მსუბუქი ძილიანობა, ამიტომ მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი ზომები. 

 

წამალთაშორისი ურთიერთქმედებები

დიკლოფენაკი

• პერორალური ანტიკოაგულანტები და ჰეპარინი: დიკლოფენაკმა შეიძლება დააქვეითოს მათი მოქმედება.

• მეთოტრექსატი: შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა.

• დიურეტიკები: შეიძლება დააქვეითოს დიურეტიკების მოქმედება.

• სულფონილშარდოვანა: შეიძლება გაზარდოს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

• დიგოქსინი და/ან ლითიუმი: შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის და/ან ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციები.

• ციკლოსპორინი: შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა.

• აცეტილსალიცილმჟავა: დიკლოფენაკისა და აცეტილსალიცილმჟავას ერთდროული გამოყენება იწვევს ბიოშეღწევადობის დაქვეითებას.

ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12):

• ალკოჰოლი (ჭარბი მოხმარება 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), ამინოსალიცილატები, კოლქიცინი (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან ერთად); შეიძლება შეამცირონ B12 ვიტამინის აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

• ანტიბიოტიკები: შეიძლება შეაფერხონ შრატსა და ერითროციტებში B12 ვიტამინის განსაზღვრისათვის მიკრობიოლოგიური ტესტირების მეთოდი და შესაბამისად, გამოიწვიონ ცრუ დაბალი მაჩვენებლები.

• ფოლიუმის მჟავა: მომატებული დოზების ხანგრძლივად მიღებისას შეიძლება შეამციროს B12 ვიტამინის კონცენტრაციები სისხლში.

ბეტამეტაზონი:

• ასპირინი: სალიცილემიის შემცირება.

• პერორალური ანტიკოაგულანტები და ჰეპარინი: ანტიკოაგულაციური ეფექტების შემცირება.

• პერორალური კონტრაცეპტივები: მატულობს კორტიკოსტეროიდული ტოქსიკურობა.

• ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: პსიქოპათიების რისკი.

• ჰორმონები (ესტროგენები/ანდროგენები): შეშუპება, წონაში მომატება.

• იმუნოსუპრესანტები: ოპორტუნისტული დაავადებების განვითარების რისკი (მაგ. ტუბერკულოზის). 

• პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი: ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობით გამოწვეული ჰიპერგლიკემია.

• ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: წყლისა და ნატრიუმის შეკავებით გამოწვეული ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება.

• ატენუირებული ვირუსის ვაქცინა: სერიოზული გენერალიზებული დაავადების რისკი.

• ინტერფერონი ალფა: მისი მოქმედების ინჰიბირების რისკი.

• ფერმენტის ინდუქტორები (მაგ. რიფამპიცინი, ანტიკონვულსანტები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი): კორტიკოიდების აქტივობის შემცირება.

• პრეპარატები, რომლებიც იწვევენ “ტორსადეს დე პოინტეს” (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა: ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი და სოტალოლი და არაანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ასტემიზოლი, ტერფენადინი, ვინკამინი და პენტამიდინი): კორტიკოიდებით გამოწვეულმა შესაძლო ჰიპოკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა. 

• დიგიტალისები: შესაძლო ჰიპოკალემია იწვევს დიგიტალისის ტოქსიკურ ეფექტებს.

• ჰიპოკალემიის გამომწვევი სხვა პრეპარატები (ზოგიერთი დიურეტიკი, ზოგიერთი მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები): დამატებითი ეფექტები.

კარცინოგენურობა, მუტაგენურობა, ფერტილურობის მხრივ ცვლილებები:

გრძელვადიანი კარცინოგენურობის კვლევებისას ვირთხებში, რომლებსაც ეძლეოდათ დღეში 2 მგ/კგ-ზე მეტი დიკლოფენაკის ნატრიუმი, არ გამოვლინდა სიმსივნეების მნიშვნელოვანი მატება. აღინიშნა არსებული სარძევე ჯირკვლის ფიბროადემონის მცირედ მომატება ვირთხებში დღეში 0.5 მგ/კგ დოზის მიღებისას, თუმცა ამგვარი მომატება მნიშვნელოვანი არ იყო სიმსივნის ამ სახეობისათვის.

2-წლიანი კარცინოგენურობის კვლევისას თაგვებში, რომლის დროსაც მამრებში გამოიყენებოდა დღეში 0.3 მგ/კგ-ზე მეტი დიკლოფენაკის დოზა, ხოლო მდედრებში დღეში 1 მგ/კგ-ზე მეტი დოზა, არ გამოვლენილა არავითარი ონკოგენური პოტენციალი.

დიკლოფენაკს არ გამოუვლენია მუტაგენური აქტივობა სხვადასხვა ინ ვიტრო და ინ ვივო ტესტების დროს, მათ შორის ქრომოსომული და ნულკეური დარღვევების ანალიზებში; მდედრ და მამრ ვირთხებში დღეში 4 მგ/კგ დოზის მიღებას გავლენა არ მოუხდენია ფერტილურობაზე.

 

ორსულობა, ტერატოგენური ეფექტები:

რეპროდუქციული კვლევებისას, რომლებიც ჩატარდა თაგვებში (დიკლოფენაკის დოზა დღეში 20 მგ/კგ-ზე მეტი) და ვირთაგვებში და ბოცვრებში (ვირთაგვებში დღეში 10 მგ/კგ-ზე მეტი და ბოცვრებში 80 მგ), არ გამოვლენილა ტერატოგენურობისა და დედის ან ნაყოფის ტოქსიკურობის არავითარი ნიშანი.

ტოქსიკურობა ვირთაგვებში არ ყოფილა ასოცირებული დისტოციასთან, პროლონგირებულ გესტაციასთან, ნაყოფის წონის ან ზრდის დაქვეითებასთან ან ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებასთან.

დიკლოფენაკი თაგვებსა და ვირთაგვებში არ გადის პლაცენტარულ ბარიერს.

მიუხედავად ამისა, შესაბამისი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა.

ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევების შედეგები ყოველთვის არ განსაზღვრავს ადამიანებში მოსალოდნელ რეაქციებს, ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს, თუ სარგებელი დედისათვის არ ამართლებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. 

ნაყოფთან დაკავშირებული რისკი არის არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა, რაც ასოცირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან. შედეგად, უნდა მოერიდოთ დიკლოფენაკის გამოყენებას ორსულობის ბოლო ეტაპზე. 

 

მშობიარობა:

დიკლოფენაკის ზემოქმედება მშობიარობაზე ცნობილი არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რაც უკავშირდება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, არ არის გამორიცხული, რომ დიკლოფენაკმა დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვები და დააყოვნოს ბავშვის დაბადება.

 

ლაქტაცია:

იმ პოტენციური არასასურველი რეაქციების გამო, რაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან პრეპარატის მიღება, ქალისათვის მკურნალობის მნიშვნელობის გათვალისწინებით. 

 

გამოყენება ბავშვებში:

მოცემული ფარმაცევტული ფორმა განკუთვნილი არ არის ბავშვებისათვის.

 

გამოყენება ხანდაზმულებში:

კლინიკური ცდების დროს დიკლოფენაკით მკურნალობა ჩაუტარდა 6000-ზე მეტ პაციენტს, მათგან 31%-ზე მეტი იყო 65 წლის ზემოთ ასაკის.

ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტების შედარებისას არ გამოვლენილა რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა ეფექიანობის, არასასურველი მოვლენების ან კინეტიკური პროფილების მხრივ. როგორც ყველა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ხანდაზმულები ნაკლებად ამტანები იყვნენ არასასურველი მოვლენებისადმი, ვიდრე ახალგაზრდები.

 

არასასურველი რეაქციები

პრეპარატი ზოგადად კარგად გადაიტანება თერაპიული დოზებით მიღებისას. აღწერილია შემდეგი არასასურველი რეაქციები:

• ზოგჯერ: განვითარების სიხშირე 1-10%

ზოგადი: მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, წყლისა და ნატრიუმის შეკავება, მუცის შებერილობა. 

გასტროინტესტინური სისტემა: დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, აირების დაგროვება, ცვლილებები ღვიძლის ანალიზის შედეგებში. <3%-ში პეპტიური წყლული პერფორაციით და/ან სისხლდენით ან მის გარეშე. 

ჰიდროელექტროლიტური: ჰიპოკალემია, ნატრიუმის შეკავება ჰიპერტენზიით და გულის შეგუბებითი უკმარისობითაც კი. 

ენდოკრინული/მეტაბოლური დარღვევები:

მენსტრუალური დარღვევები.

ნერვული სისტემა: ვერტიგო.

დერმატოლოიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი. 

გრძნობის ორგანოები: ტინიტი.

• იშვიათი: განვითარების სიხშირე <1%

ზოგადი: საერთო დისკომფორტი, ტუჩებისა და ენის შეშუპება, ფოტოსენსიტივობა, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიის ცალკეული შემთხვევები და ლარინგული შეშუპება.

კარდიოვასკულარული სისტემა:

ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა.

გასტროინტეტინური სისტემა: ღებინება, სიყვითლე, მელენა, სტომატიტი, ლორწოვანას სიმშრალე, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ცალკეული შემთხვევები: ეზოფაგური დაზიანებები, ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, კოლიტი. 

Hემატოლოგიური დარღვევები: 

ჰემოგლობინის შემცირება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პურპურა. ცალკეული შემთხვევები: ეოზინოფილია, ანემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

ენდოკრინული/მეტაბოლური დარღვევები:

გლუკოზის ამტანობის დაქვეითება ლატენტური დიაბეტით. ცალკეული შემთხვევები: კუშინგის სინდრომი, AჩთH ჰიპერსეკრეცია, ადრენოკორტიკული ატროფია, ბავშვებში ზრდის შეწყვეტა. 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

უძილობა, ძილიანობა, დეორესია, აგზნება, დიპლოპია, გაღიზიანება. ცალკეული შემთხვევები: ასეპტიკური მენინგიტის და კონვულსიები.

ღესპირატორული სისტემა:

ეპისტაქსი, ასთმა, ხორხის შეშუპება.

დარღვევები კანისა და ფრჩხილების მხრივ:

ალოპეცია, ქავილი, დერმატიტი, ანგიოშეშუპება. 

ცალკეული შემთხვევები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა, ბლისტერული დერმატიტი.

გრძნობათა ორგანოები:

მხედველობის დაბინდვა, სკოტომა, სმენის დაკარგვა, დისგევზია. 

შარდ-სასქესო სისტემა: პროტეინურია. ცალკეული შემთხვევები: ნეფროტული სინდრომი, ოლიგურია, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი. 

ძვალ-კუნთოვანი სისტემა:

ცალკეული შემთხვევები: მუსკულარული ატროფია, რასაც წინ უსწრებს კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, ძვლების მოტეხილობა, ბარძაყის თავის ასეპტიკური ნეკროზი. ადგილობრივი არასასურველი ეფექტები ინექციის გაკეთების ადგილას, როგორიცაა პოსტინექციური ტკივილი, შეშუპება და იშვიათად – აბსცესები და ნეკროზი (ეს ბოლო განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის დიაბეტურ პაციენტებში).

ვინაიდან მკურნალობა ზოგადად ხანმოკლეა, აღნიშნული არასასურველი მოვლენების განვითარების ალბათობა საკმაოდ დაბალია.

 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის ცენტრს.

 

შეფუთვა:

შეფუთვაში მოთავსებულია 3 და 6 ამპულა.

შეინახეთ არა უმეტეს 25°C-ზე. არ შეინახოთ მაცივარში.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით

კომენტარის დამატება